ემიგრაცია (1921-1945)

02/02/2013 00:21

წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

ვიკიციტატა
„თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“
 
(ექვთიმე თაყაიშვილი)