პეტერბურგის უნივერსიტეტში

bullet_2.gif - (1K)

პეტერბურგში წასასვლელად ექვთიმემ საქართველოს სამხედრო გზა აირჩია. ადვილი შესაძლებელია, ეს სურვილი მასში ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებმა" აღძრა. ჟურნარ "კრებულში" დაბეჭდილი ეს მარგალიტი პუბლიცისტური პროზსისა იმ დროის ლიტერატურული ქართველობის დიდ მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, რომლებსაც ილიას ეროვნულ რადიკალიზმს, ამ ნაწარმოებში რომ არის გატარებული, განსაკუთრებით შესტრფოდნენ. ექვთიმემ ვანოც აიყოლია. მცხეთიდან ვლადიკავკავისკენ "ტროიკით" გაემგზავრნენ. სამხედრო გზის განუმეორებელი სილამაზე მათ აღტაცებას იწვევდა. ღამის გათევა ლარსში მოუხდათ. აგვისტოს მიწურული იყო და მთაში უკვე ციოდა, ასე რომ "ტრიოკში" ახალგაზრდებმა ლოგინი გაშალეს. მიუხედავას დაღლოლობისა, შთაბეჭდილება დიდებული და მარად სამახსოვრო იყო. მეორე დღეს საღამოთი ვლადიკავკავში იყვნენ. ერთი ღამის გეთევა იქაც მოუხდათ. ვლადიკავკავიდან მატარებლით პეტერბურგისკენ გაემგზავრნენ.

    პეტერბურგში ახალგაზრდებს ვანოს ვასო გურიელი და მისი მოურავი დახვდათ. დაბინავებისა და ქალაქის გაცნობის შემდეგ, სიდიადით განცვიფრებულმა ჭაბუკებმა ფეხი შედგეს აღთქმულ უნივერსიტეტში.

   პეტერბურგის უნივერსიტეტს აკადემიური ავტორიტეტი ჰქონდა. მისი რევოლუციური ტრადიციებიც მეტად რომანტიკული იყო. პეტერბურგის სტუდენტი-ახალგაზრდობა 60-იან წლებში რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის ავანგარდში იდგა და ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვის გამათავისუფლებელი იდეებით სულდგმულობდა. პეტერბურგის სტუდენტობის ცნობილი გამოსვლა 1861 წლის შემოდგომაზე რუსეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ თვალსაჩინო ფაქტს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ამ გამოსვლებში ქართველი სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში ცოცხლობდა ილიას თაობის სულისკვეთება, რომელიც შემდეგ რევოლუციონერმა ნაროდნიკებმა გადაირეს და გააღმავეს.