განძეულის სადარაჯოზე

bullet_2.gif - (1K)

 

21 თებერვალს საღამოს ექვთიმე გამოიძახეს. ფერდაკარგული, აღელვებული დაბრუნდა. იგი მთავრობის სასახლიდან და სასწრაფოდ შეკრიბა კოლეგები. მათ მთავრობის მკაცრი განკარგულება აუწყა: სამუზეუმო ქონება ყუთებში უნდა ჩაელაგებინათ. მთავრობა ქუთაისში გადადიოდა, განძეულობაც თან მიჰქონდა. 

ეს კატეგორიული მითითება კამათს აღარ საჭიროებდა. ან რა უნდა ეკამათათ მუზეუმის მუშაკებს, როცა რამიშვილ-ჟორდანიას კაბინეტიდან გამოსული ბრძანება უკვე უკანონო იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მუზეუმის თანამშრომლებს უმკაცრესად გაუსწორდებოდნენ კედიას რაზმელები, ქონების ევაკუაციას კი დააკისრებდნენ უვიცებსა და ვიგინდარებს, რომელთაც ერის საგანძურის გაძარცვისთვის ხელი არ აუკანკალდებოდათ.

მთელი ღამის განმავლობაში ექვთიმემ და მისმა კოლეგებმა ფრთხილად ჩაალაგეს ნივთები, ყუთები დაბეჭდეს და მტავრობის ბრძანებით რკინიგზის სადგურში გადაზიდეს.

მაგრამ ექვთიმე ასე ადვილად ვერ დათმობდა ერის საუნჯეს, რომელთა შეგროვებას მისი და მასავით ბევრი პატრიოტი მოღვაწის სიცოცლე შეელია. ექვთიმე ქუთაისში რომ ჩავიდა, მთავრობის თავჯდომარე და დამფუძნებელი კრების წევრები იქ დახვდნენ. ფინანსთა მინისტრმა კ.კანდელაკმა მას განკარგულება მისცა, გადაესინჯა ქუთაისის ხაზინაში შენახული ნივთები, გამოეცალკევებინა მათგან სამუზეუმო ღირებულების განძეული. სამუშაო რთული იყო და ექვთიმე განძეულის დახარისხებას რამდენიმე დღე მოუნდა. 

დიდძალმა განძეულმა მოიყარა თავი, საჭირო იყო მისი აღწერა და დახარისხება. უცებ აღმოჩნდა, რომ ერთი ყუთი აკლდათ. ექვთიმესათვის ეს თავზარდამცემი იყო.

,,თავზარდაცემული დავრჩი - იგონებს ექვთიმე, - რაც საუკეთესო იყო, დაკარგული მეგონა. ზოგი სად გავგზავნე, ზოგი - სად, რომ კ. კანდელაკი მოენახათ. გადავწყვიტე, აღარ გავსულიყავი ქუთაისიდან, სანამ იმ ყუთს არ იპოვიდნენ. მომზიდველნი იქვე იყვნენ და როცა განვუცხადე, რომ მათ ერთი ყუთი არ მოუტანიათ, აურზაური ატეხეს: მთელი ღამე ვიმუშავეთ და მადლობის მაგიერ ქურდობას გვწამებთო!" ექვთიმე კანდელაკს ეახლა და ქუთაისში დარჩენა სთხოვა, მაგრამ მან მთავრობის განკარგულების შესრულება მოითხოვა. აქ თუ რაიმე აღმოჩნდა, გამოვგზავნი, შენ კი დაუყოვნებლივ გაემგზავრეო - მიუთითა ექვთიმეს.