ვუკოლ ბერიძესთან

 

burning_line.gif - (7K)

  ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან


  9 აპრილი 1935 წელი
  ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
  1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
  2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.


  3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
  4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
  ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
  გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.
  
  ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი

წყარო: https://lib.ge/book.php?author=534&book=9169