სამყარო ობოლი ბიჭისა

bullet_2.gif - (1K)

1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხარუში სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა. ვაჟას შეეძინა ისიც თავმომწონე აზნაურისათვის, დიდად საამაყო იყო და საგანგებო ზეიმიტაც აღინიშნებოდა ხოლმე: ამაყი გურული კაცი ამ შემთხვევას თავისიანებს და სოფელს, პირველ რიგში, თოფის გასროლით აუწყებდა. მაგრამ ახალი წლის ამ საზეიმო დღეებში თაყაიშვილებთან თოფი არ გავარდნილა. ოჯახის თავკაცი, მამა და მარჩენალი - სვიმონი ლოგინად იყო ჩავარდილი და დღეებს ითვლიდა. იგი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და სოფელმა მაშინ გაიგო, რომ თაყაიშვილებთან ახალმა წელმა ერთდროულად მიიტანა სიხარულიც და უბედურებაც. 

     - ,,რას იზამ, მამა მიდის, შვილი მოდის.. ასეთია ცხოვრება... ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პირიქით ხდებოდეს", - ანუგეშებდნენ სვიმონ თაყაიშვილის ჭირისუფალს სატირალში მისული ნათესავები, თანასოფლელები.

 ახალშობილს ექვთიმე დაარქვეს. ეს ნაბოლარა ბიჭი, ბედმა მამის ალერსი რომ არ არგუნა, დედას თითქქოს მწუხარების გასანელკბლად მოევლინა და განსაკუთრებით ანებივრდბდა მას. პატარას თავს დასტრიალებდნენ უფროსი და, ძმები, მამიდები და მზრუნველობას არ აკლებდნენ. ერთადერთი მკაცრი შინაბერა მამიდა ტუქსავდა ექვთიმეს გადაჭარბებული ცელქობის გამო და ხმამაღლა ბუზღუნებდა:,, ასე ნებაზე მიშვებული ბავშვი ნახეთ, რა ყაჩაღი გამოვაო".

  ექვთიმე დაუდეგარი ყმაწვილი ყოფილა. მთელი დღე ეზოში დარბოდა. ღობე-ყორეს ედებოდა, საქონლეს დასდევდა და აწიოკებდა. ბომბორა ძაღალი - ,,ვარდია" მისი განუყრელი მეგობარი იყო. გადაჭარბებულმა ცელქობამ უბედურებაც შეამთხვია: სამი წლისამ ფეხი მოიტეხა. ხეირიანი ექიმი სოფელში კი არა, მაზრაშიც არ მოიძებნებოდა. დამტვრეული ბავშვის ზედამხედველობა "მაკა მალაზონმა" იკისრა. მოტეხილი ფეხი არტაშანში ჩაუსვეს და სოფლური მალამოთი სწამლობდნენ. ძვლის შეზრდა დროზე ვერ მოხერხდა, ბავშვმა წოლა ვერ აიტანა და არტაშნიანი ფეხით სიარული დაიწყო. ტკივილები გაუხლდა, მონატეხი გაღიზიანდა და ძვლის დაზიანებაში გადაიზრდა. ძვლის ზრდა შეფერხდა, ფეხი დამოუკლდა და მთელი ცხოვრების მანძილზე კოჭლი დარჩა.

ხუთი წლის ექვთიმეს ახალი უბედურება დაატყდა თავს: დედა გარდაეცვალა. მოხუცებულობაში კი მკაფიოდ ახსოვდა ექვთიმეს დედასთან საბოლოო განშორების ტრაგიკული წუთები. ,,მასთან ვიწექი ლოგინში, ღამე გამაღვიძეს და ატირებული ძალათ მომაცილეს დედას. შემოდგომა თავდებოდა, ბუხარში ცეცხლი ენთო, ბუხრის წინ დამსვეს. იქვე ჩემი ძმა ვარლამი იყო. აივანზე წივილ-კივილი ატყდა და მეზობლები მოგროვდნენ. მე არ მესმოდა რა იყო სიკვდილი. ხანდახან მეზობლის ქალები შემოვიდოდნენ ჩვენთან და მოთქმით გვეუბნებოდნენ: ,,ვაი, უბედურებო, დედა აღარ გყავთ, ობლებად დარჩით, რა გეშველებათო", - იხსენებდა ექვთიმე.